თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. იმ კაბის გაყიდვა უცენზურო ქართული წარწერით, რომლითაც თეატრისა და კინოს პოპულარული რუსი მსახიობი, ტელეწამყვანი და მომღერალი ნასტასია სამბურსკაია Муз-ТВ–ს დაჯილდოებაზე გამოჩნდა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.
მოკლე შავ კაბას თეთრი ასოებით აწერია: „ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოს“.
კაბის ავტორია საქართველოში დაბადებული ცნობილი მოსკოველი დიზაინერი ალექსანდრე არუთიუნოვი.
ბრენდ Alexander Arutyunov-ის პიარ–მენეჯერმა ანა კურაპოვამ „Sputnik–საქართველოს“ განუცხადა, რომ ეს კაბა დიზაინერის ახალი კოლექციიდანაა.
„ეს კაბა–მაისურა 2017/2018 წლის ზამთრის კოლექციიდანაა, რომელსაც ჩვენ მარტის ბოლოს წარვადგენთ. უბრალოდ საშამ წინასწარ გაუკეთა სუმბურსკაიას საჩუქარი. რამდენადაც მე ვიცი, ეს ქართული ანდაზაა. რუსულად ის არც ისე კარგად ითარგმნება და არც ისე კარგად ჟღერს“, — განაცხადა კურაპოვამ.
კითხვაზე, იცის თუ არა სუმბურსკაიამ წარწერის მნიშვნელობის შესახებ, ანამ უპასუხა, რომ იცის.
„კოლექცია ჯერჯერობით პროცესშია, ამ წარწერამ, შესაძლოა, არუთიუნოვის სხვა სამოსიც დაამშვენოს. ჩვენების შემდეგ, დაახლოებით აპრილიდან უკვე იქნება შესაძლებელი კაბის შეძენა“, — აღნიშნა კურაპოვამ.
ბრენდი Alexander Arutyunov 2011 წელს შეიქმნა. მაშინ აჩვენა არუთიუნოვმა თავისი პირველი კოლექცია. იმ დროიდან წელიწადში ორჯერ ის სეზონურ კოლექციებს pret-a-porte წარადგენს.
დიზაინერი ალექსანდრე არუთიუნოვი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში. სწორედ თბილისის არქიტექტურა, ადგილობრივი ოსტატების შემოქმედება და ტრადიციები გახდა ალექსანდრეს კოლექციების შთაგონების წყარო.
„დღეს მოსკოვში ვცხოვრობ, რომელიც ძალიან მიყვარს და მენატრება, როდესაც მოგზაურობაში მივდივარ. მაგრამ ჩემი გული თბილისს ეკუთვნის, ქალაქს, რომელიც მუდამ ჩემთანაა“, — ნათქვამია ბრენდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
გარდა ამისა Alexander Arutyunov-ის ბრენდით ყოველ სეზონზე გამოდის აქსესუარების, ჩანთების, ზურგჩანთების, ქამრების კოლექციები. აქსესუარების შექმნისას დიზაინერი ხშირად მიმართავს ახალგაზრდა თანამედროვე მხატვრებს, იუველირებსა და დახელოვნებულ ოსტატებს.
საიუველირო სამკაულების კოლექცია სახელწოდებით Alexander Arutyunov Jewelry პირველად იყო წარმოდგენილი 2014 წლის შემოდგომაზე.