თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
რეგისტრაციის გავლა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე 23 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში იქნება შესაძლებელი.
აბიტურიენტებისთვის უკვე გამოცემულია ცნობარი, რომელიც ყველა ჯიხურში იყიდება. ცნობარში ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი ინფორმაციაა თავმოყრილი, მათ შორის, რეგისტრაციის პროცედურები, ეროვნული გამოცდების წესები, უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალი, ფასები და რჩევები — ყველაფერი ის, რაც უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს აბიტურიენტმა.
აბიტურიენტების რეგისტრაცია სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე (23 თებერვლიდან 31 მარტამდე) გაიმართება რეგისტრაცია, რა დროსაც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა, მიუთითონ ფაკულტეტი, ქალაქი, სადაც ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს.
ცენტრში აბიტურიენტებს ურჩევენ, ყურადღებით გაიარონ რეგისტრაცია და თვალი მიადევნონ, რომ მიიღონ სმს-შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გამოცდებზე დარეგისტრირებული არიან. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინებას არ მიიღებენ, ესე იგი, აბიტურიენტმა არასწორად გაიარა რეგისტრაცია.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 31 მარტიდან 20 მაისამდე პერიოდში ჩატარდება. ამ პერიოდში აბიტურიენტებს, სურვილის შემთხვევაში, საშუალება ეძლევათ შეცვალონ არჩეული ფაკულტეტები.
რეგისტრაციის მესამე ეტაპი 20 მაისიდან დაიწყება და აგვისტოს თვის დასაწყისამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში აბიტურიენტები შეძლებენ შეცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდე, აუცილებელია სამი ძირითადი საგნის — ზოგადი უნარების, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და ასევე ერთი არჩეული საგნის წარმატებით ჩაბარება.
