თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს განათლების სამინისტრომ ახალი სასწავლო წლიდან სტუდენტების დაფინანსების ახალი სისტემა შეიძლება დანერგოს, რომელიც სტუდენტების მოსწრებაზე იქნება დამოკიდებული.
მოქმედი სისტემით, სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სახელმწიფო გრანტს იღებენ, ფინანსდებიან ბაკალავრიატის მთელი პერიოდის განმავლობაში. სიახლე გულისხმობს, ერთი მხრივ, დაფინანსების შეწყვეტას იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლის დროს ცუდ შედეგებს აჩვენებენ და მეორე მხრივ, შრომისმოყვარე სტუდენტების წახალისებას.
„გვინდა, ვინც კარგად სწავლობს, მეტად დავაფინანსოთ, ვინც ცუდად სწავლობს, არ გვინდა დავაფინანსოთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
უნივერსიტეტებში უკვე დაიწყეს საუბარი იმ შესაძლო რისკების შესახებ, რომელიც ახალი სისტემის ამოქმედებას შეიძლება მოჰყვეს, კერძოდ — კორუფციაზე.
„ნებისმიერი ცვლილება რისკებთან არის დაკავშირებული… ჩვენი ამოცანაა ავამაღლოთ მოსწავლეების, სტუდენტების სწავლის ხარისხი, მათი მოტივაცია, სწავლის წარმატებით დამთავრება და დასაქმების დონე“, — აღნიშნა ჯეჯელავამ.