თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ქართველმა თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჟანიძემ კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბ „ორენბურგთან“, რომელიც რუსეთის პრემიერ–ლიგაში ასპარეზობს, იუწყება რუსული გუნდის პრეს-სამსახური.
მიმდინარე წლის დასაწყისში 24 წლის ფორვარდს რუსულ გუნდში აკვირდებოდნენ, „ორენბურგის“ მწვრთნელთა შტაბი ქართველი ფეხბურთელით კმაყოფილი დარჩა, რის შემდეგაც მოთამაშესთან კონტრაქტი გაფორმდა.
ლობჟანიძე რუსულ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. ბოლო ექვსი თვე თავდამსხმელი ბათუმის „დინამოში თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონატის 15 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
რუსეთის ჩემპიონატში „ორენბურგს“ საუკეთესო პოზიცია არ უჭირავს. 17 ტურის შემდეგ გუნდის აქტივში სულ 12 ქულაა და ის სატურნირო ცხრილის მე–14 ადგილზეა.
რუსეთის ჩემპიონატის მეორე წრე 4 მარტს იწყება. ზამთრის პაუზის შემდეგ „ორენბურგი“ პირველ მატჩს ტულის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართავს.