თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის პრეს–მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, იუწყება ტელეარხი „TV პირველი“.
გადადგომას წინ უსწრებდა ბოტკოველის განცხადება იმის შესახებ, რომ ილია მეორის პირადი დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში მას შემდეგ არ გამოჩენილა, რაც კათოლიკოს–პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ოხანაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო და ბოტკოველი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„არც საპატრიარქოში, არც პატრიარქის გვერდით ის არ მინახავს. ის თავხედია, რადგან ამბობს, რომ საპატრიარქოში იმყოფება. მე არ მითქვამს, რომ ის გაუშვეს, მე ვთქვი გასაგებად, რომ ის საპატრიარქოში არ მინახავს“, — განაცხადა მოგვიანებით ბოტკოველმა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე ბოლო მოვლენებისგან დაიღალა.
„დავიღალე ყველა იმ პროცესისგან, რომლებიც ქვეყნის საპატრიარქოში უკანასკნელ დროს ხდება და ეკლესიაში მშვიდი მსახურება მინდა“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ოხანაშვილი კათოლიკოს–პატრიარქის ძმისშვილის ქალიშვილის მეუღლეა.
ბოტკოველს კათოლიკოს–პატრიარქთან თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით არ უსაუბრია და მან აღნიშნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე შეხვდება უწმინდესს და ყველაფერს აუხსნის მას.
საქართველოს საპატრიარქო სკანდალის ცენტრში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პატრიარქთან დაახლოებული პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა ილია მეორე. სასულიერო პირის ბარგში ძლიერმოქმედი საწამლავი – ნატრიუმის ციანიდი იპოვეს.
საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია გავრცელდა იმის თაობაზე, თუ ვისზე მზადდებოდა თავდასხმა. პროკურატურამ საქმის დეტალები არ გაამჟღავნა. მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით განაცხადა, რომ საბრალდებო დასკვნაში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებაზე.