თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა, რომელიც ამ პოსტზე ერთი კვირის წინ დაინიშნა, გუნდის მოთამაშეების დისციპლინით უკმაყოფილო დარჩა.
ამასთან დაკავშირებით კაჭარავამ, რომელიც ცნობილია წესრიგის მიმართ თავისი დამოკიდებულებით, სააგენტო iPress-ის მონაცემებით, წესების დარღვევისთვის ფინანსური სანქციების გამკაცრება გადაწყვიტა.
აი, ზოგიერთი მათგანი (ყველა თანხა მითითებულია აშშ დოლარებში):
— ვარჯიშზე დაგვიანება — 100 აშშ დოლარი;
— ვარჯიშის უმიზეზოდ გაცდენა — 300 დოლარი;
— უხარისხო ვარჯიში — 200 დოლარი;
— სათამაშო დისციპლინის დარღვევა — 500 დოლარი;
— თამაშის დროს არასათამაშო სიტუაციაში ყვითელი ბარათის მიღება (მსაჯთან ან მოწინააღმდეგესთან კამათი ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება) – 500 დოლარი;
— წითელი ბარათი არასათამაშო სიტუაციაში (ფედერაციის მიერ დაკისრებულ ჯარიმას იხდის ფეხბურთელი) – 1000 დოლარი;
— თეორიულ მეცადინეობაზე დაგვიანება — 100 დოლარი;
— მობილური ტელეფონით სარგებლობა თეორიული მეცადინეობების დროს — 50 დოლარი;
— მწვრთნელებისა და ექიმის მითითების იგნორირება (დანიშნულ მკურნალობაზე ან მედიკამენტებზე უარის თქმა, ფიზიოთერაპიის არჩატარება, ვიტამინების არმიღება) – 1000 დოლარი;
— აზარტული თამაშები (კარტი, ტოტალიზატორი, კაზინო): პირველი შემთხვევა — 2000 დოლარი, მეორე შემთხვევა (ხელფასის 50% განახევრება და მეორე გუნდში ვარჯიში) – 3000 დოლარი;
— ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარება — 100 დოლარი;
— ზედმეტი წონა – 1000 დოლარი თითოეულ ზედმეტ კილოგრამზე.
ამჟამად თბილისის „დინამო“ თურქეთში სეზონისწინა შეკრებაზე იმყოფება. 25 თებერვალს გუნდი ტულის გუნდ „არსენალთან“ ტესტ–მატჩს გამართავს.
საქართველოს ჩემპიონატი 4 მარტს დაიწყება. პირველ თამაშში „დინამო“ ფოთის „კოლხეთს“ 5 მარტს დაუპირისპირდება.