თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. თბილისის „დინამომ“ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩში ბელარუსის ჩემპიონ „ბატეს“ (БАТЭ) სძლია (2:0), იუწყება თბილისური გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.
თამაში თურქეთის ქალაქ ბელექში გაიმართა, სადაც ორივე კლუბი წინასასეზონო შეკრებას გადის.
პირველი გოლი მატჩში მე-19 წუთზე გავიდა. „ბატეს“ მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა. 11-მეტრიანი დარტყმა ბექა მიქელთაძემ შედეგიანად შეასრულა.
მეორე გოლი თბილისელებმა შეხვედრის ბოლოს გაიტანეს. ბაჩანა არაბულის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარის ძელს მოხვდა, შემდეგ მეკარეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაკვეთა კარის ხაზი.
თურქეთში შეკრებაზე თბილისის „დინამოელებმა“ უკვე სამი ამხანაგური მატჩი გამართეს, სამჯერვე გაიმარჯვეს, მეტოქის კარში გაიტანეს შვიდი გოლი, ხოლო საკუთარ კარში არც ერთი არ მიუღიათ.
კახა კაჭარავას გუნდი ბელექში დასკვნით ტესტ-მატჩს 25 თებერვალს ტულის „არსენალთან“ გამართავს.
საქართველოს ჩემპიონატი 4 მარტს იწყება. თბილისის „დინამო“ 5 მარტს ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.