თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ თურქეთში სეზონისწინა შეკრების დროს ამხანაგურ მატჩში უკრაინის „ვოლინი“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა.
თბილისის ფეხბურთელები მეცხრე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც გიორგი პაპუნაშვილმა ლამაზი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.
მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში „დინამოელები“ ტერიტორიალურ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა, შესვენებამდე მეტი გოლის გატანა ვერ შეძლეს.
შეხვედრის მეორე ნახევარში დედაქალაქის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ კაჭარავამ რამდენიმე შეცვლა ერთად განახორციელა. სხვებთან ერთად მინდორზე ოთარ კვერნაძე გამოვიდა, რომელმაც 65–ე და 66–ე წუთებზე დუბლი გააფორმა.
მატჩის საბოლოო შედეგი მძლავრი დარტყმით ბექა მიქელთაძემ დაადასტურა, რომელმაც გოლი 73–ე წუთზე გაიტანა.
შემდეგ ტესტ–მატჩს თბილისის „დინამო“ 17 თებერვალს კიდევ ერთი უკრაინული კლუბის დონეცკის „ოლიმპიკის“ წინააღმდეგ გამართავს.
ქართული გუნდის სეზონისწინა შეკრება თურქეთში 1 მარტამდე გაგრძელდება. „ოლიმპიკის“ გარდა, „დინამოელები“ შეხვდებიან ბორისოვის კლუბს БАТЭ–ს და „არსენალს“ ტულიდან.
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი 4 მარტს დაიწყება. თბილისის „დინამო“ თავის პირველ მატჩს ფოტის გუნდ „კოლხეთთან“ 5 მარტს გამართავს.