თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს — მათ კარვები გაშალეს და უკვე მეორე დღეა შიმშილობენ.
მოვაჭრეები ხელისუფლებისგან კომპენსაციას მოითხოვენ. დამწვარ შენობასთან მათ სამი კარავი გაშალეს, სადაც მორიგეობით, დღითა და ღამით ყოფნას აპირებენ.
აქციის მონაწილეებს უფრო ადრე „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი შეხვდა, რომელმაც მათ მოუწოდა, დაელოდონ გამოძიების შედეგებს.
„ვთხოვთ ამ ადამიანებს, არ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, რადგან ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და დასკვნას ველოდებით. როდესაც გამოძიება ხანძრის მიზეზებს დაადგენს, მაშინ ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს“, — განუცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.
„ბავშვთა სამყაროს“ დირექციას შენობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ 6 მლნ ლარად ჰქონდა დაზღვეული, მაგრამ დაზღვევა არ ეხება შენობის შიგნით განთავსებულ სავაჭრო დახლებს.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, სადაც „ოქროს სამყარო“ და საბითუმო ბაზრობა იყო განთავსებული, 29 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძარმა 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ცეცხლის ლოკალიზება მხოლოდ მეხანძრეთა ცხრასაათიანი ბრძოლის შემდეგ მოხერხდა.
ხანძარმა შენობა მთლიანად გაანადგურა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით“, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.