ძვლის ტვინის გადანერგვის პირველი ოპერაცია საქართველოში წარმატებით ჩატარდა

წვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძვლის ტვინის გადანერგვის პირველი ოპერაცია საქართველოში 51 წლის ქალს ჩაუტარდა, რომელსაც მრავლობითი მიელომის მესამე სტადია დაუდგინეს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოში პირველად ჩატარდა ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია — 51 წლის ნატრული სამუშიას ოპერაცია ქართველმა და ისრაელელმა სპეციალისტებმა ერთობლივად ჩაუტარეს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში. 

აპარატურა ძილის ცენტრში - Sputnik საქართველო
საქართველოში ძილის დარღვევების მკურნალობის პირველი ცენტრი გაიხსნა

სამუშიას 2014 წელს მრავლობითი მიელომას (იმუნური სისტემის სიმსივნე) დიაგნოზი დაუსვეს. მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, მაგრამ საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.

„პაციენტს გაუკეთდა ძვლის ტვინის აუტოლოგიური (საკუთარი ღეროვანი უჯრედების გადანერგვა) ტრანსპლანტაცია… ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს, ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ის რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნდება“, — განაცხადა ცენტრის თანამშრომელმა.

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის (ინგოროყვას კლინიკა) ბაზაზე 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა. პირველი ოპერაცია 29 იანვარს ჩატარდა.

ისრაელელმა სპეციალისტებმა ოპერაციის ჩატარებამდე ცენტრი საგულდაგულოდ შეამოწმეს — სამედიცინო ხელთათმანების ხარისხიდან დაწყებული, მედიკამენტებითა და აპარატურით დამთავრებული.

ამგვარი ოპერაციის ჩასატარებლად ასევე გულდასმით უნდა მომზადდეს პაციენტი, აღნიშნეს ცენტრში, უნდა შეგროვდეს და გაიყინოს ღეროვანი უჯრედები, ჩატარდეს ქიმიოთერაპია, ხოლო ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ სწორად წარიმართოს ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

ცენტრის შექმნისას ქართველმა სპეციალისტებმა მრავალი ქვეყნის მოდელი განიხილეს.

მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი აერთიანებს ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიისა და დიაგნოსტიკის ახალ განყოფილებებს. კლინიკის ბაზაზე ასევე მოქმედებს პედიატრიული განყოფილება და ბავშვთა რეანიმაციის სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0