თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველო არ აღიარებს რეფერენდუმს, რომელიც მთიან ყარაბაღში 20 თებერვალს ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„საქართველო არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობას, შესაბამისად, არ აღიარებს 2017 წლის 20 თებერვალს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს და/ან მის შედეგებს“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების იმედი აქვს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს დიალოგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით“, — ნათქვამია განცხადებაში.
ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები 1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.
ყარაბაღის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 1988 წელს მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანს გამოეყო და 1991 წელს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.
შემდგომი სამხედრო კონფლიქტების დროს აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.