თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამომ“ ძირითად გუნდს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე ჩამოაშორა, იუწყება თბილისის გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.
მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, ლობჟანიძე თურქულ შეკრებას დატოვებს და „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდება, რომელთანაც გააგრძელებს ვარჯიშს.
მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ უფრო დაწვრილებით ამ თემასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობა სეზონისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
თუმცა, გუნდთან დაახლოებული წყარომ გვაცნობა, რომ მოთამაშისა და კლუბის კონფლიქტის საწყისი მიზეზი გახდა კონტრაქტი. ლობჟანიძესა და „დინამოს“ შორის არსებულ კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს ეწურება და გუნდის ხელმძღვანელობამ ნახევარმცველს თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.
გასული წლის ივლისიდან დეკემბრამდე ლობჟანიძე საჩხერეს „ჩიხურაში“ თამაშობდა, შემდეგ კი მშობლიურ „დინამოს“ დაუბრუნდა. გასულ სეზონზე ნახევარმცველმა რვა გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა განახორციელა.
მიმდინარე წლის იანვარში ლობჟანიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პირველად გამოვიდა და ორ ამხანაგურ მატჩში ითამაშა — უზბეკეთისა (2:2) და იორდანიის (0:1) წინააღმდეგ.