თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ქართული კერძო კომპანიები შეძლებენ მონაწილეობის ნებართვა მიიღონ ავღანეთის მთავრობის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
კვირიკაშვილმა მიუნხენის უშიშროების კონფერენციის ფარგლებში 17 თებერვალს ავღანეთის პრეზიდენტ მოჰამედ აშრაფ განისთან შეხვედრა გამართა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ავღანეთის პრეზიდენტთან და, უნდა ვთქვა, რომ სრულიად სხვა სახის შესაძლებლობები იხსნება ავღანეთთან ურთიერთობაში ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე გვქონდა საუბარი ქართული კომპანიებისთვის ავღანეთის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე, რაზეც პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა, რომ ისინი დიდი სიამოვნებით განიხილავენ ასეთ წინადადებებს“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველომ და ავღანეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის ივლისში დაამყარეს. ავღანეთში საქართველოს საელჩო არ არის. ამ ფუნქციებს თურქმენეთში საქართველოს საელჩო ითავსებს.
საქართველოს ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში აქტიური წვლილი შეაქვს. 800-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ (Resolute Support) მონაწილეობს.
ოფიციალურმა თბილისმა ნატოსთვის სატრანზიტო დერეფანი გახსნა, რომელიც ავღანეთში განლაგებული კოალიციური ძალების აღჭურვას ემსახურება.