თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. მოვლენები, რომელიც ბოლო დროს განვითარდა, საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს, ნათქვამია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელიც დღეს საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს საპატრიარქოს გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც 20 თებერვალს სამართალდამცავებმა თბილისის აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, პატრიარქთან დაახლოებული პირის მკვლელობის მზადების ბრალდებით. მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს.
„ეს ორი კვირა ძალიან რთული იყო ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იძულებული ვიყავი წავსულიყავი გერმანიაში და იქ მემკურნალა. გააკეთეს ძალიან რთული ოპერაცია. აი, ამ დროს შეიქმნა რაღაც უცნაური სიტუაცია, რომელიც ისტორიას არ ახსოვს, საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს. ასეთი შემთხვევა და ეს არის არა მარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას», — განაცხადა ილია მეორემ.
აღნიშნული განცხადება პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა. საპატრიარქოში ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
„უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ რა ხდება საქართველოში. ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება და ამიტომ თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს – სახელმწიფოსი და ეკლესიისა და ხალხს უნდა მივცეთ პასუხი. ხალხი ღელავს.
ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას და ხალხი უნდა დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს», — აღნიშნა პატრიარქმა.