თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირი საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცედურებს უმოკლეს ვადაში დაასრულებს, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას.
შეხვედრა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.
ფედერიკა მოგერინიმ განსაკუთრებულად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს კომისარს ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის წარმატებით დასრულებაში შეტანილი წვლილისათვის.
საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ეფექტური იმპლემენტაციის ერთგულია.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.
შეგახსენებთ: ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების გაუქმებას 2 თებერვალს დაუჭირა მხარი. რეგლამენტის თანახმად, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ, რეგულაცია ფორმალურად ევროპის კავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს მინისტრების დონეზე.
საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც დოკუმენტს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ასევე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის (მალტა) შესაბამისი წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღის შემდეგ შევა ძალაში.