საქართველოსთვის ევროკავშირის ვიზების გაუქმების საკითხი შესაძლოა ორ კვირაში გადაწყდეს

© AFP 2024 / THIERRY CHARLIER იოჰანეს ხანი
იოჰანეს ხანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპული დიპლომატიის მეთაურმა ფედერიკა მოგერინიმ ორშაბათს იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოს და უკრაინისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი სწრაფად გადაწყდება.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი შესაძლოა უახლოეს ორ კვირაში გადაწყდეს, განაცხადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„იმედი მაქვს, რომ ორი კვირის განმავლობაში“, — ქართველი ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა ჰანმა, როდესაც ბრიუსელში ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მივიდა. 

ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა. დადგენილი პროცედურების თანახმად, ევროპარლამენტში ხმის მიცემის შემდეგ რეგულაციები ფორმალურად ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე უნდა დაამტკიცოს.

ჰანმა დაადასტურა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ძალაში შესვლას, რასაც ევროპარლამენტმა ხუთშაბათს მხარი დაუჭირა, ევროკავშირის საბჭოს ფორმალური დამტკიცების გარდა, წმინდა ტექნიკური პროცედურა აფერხებს.

პასპორტი - Sputnik საქართველო
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი: სად შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები გამგზავრებას

თავის მხრივ, ევროპული დიპლომატიის მეთაურმა ფედერიკა მოგერინიმ ორშაბათს იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის სავიზო რეჟიმს ევროკავშირი უმოკლეს დროში გააუქმებს, თუმცა ამ დროს კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

„იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულებთ მუშაობას ამ საკითხზე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უკრაინისთვისაც“, — ქართველი ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა მან, როდესაც ბრიუსელში ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მივიდა. ამ დროს მოგერინიმ განაცხადა, რომ მინისტრები სავიზო საკითხების განხილვას არ გეგმავდნენ.

საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მასზე ხელს მოაწერს ევროკავშირის პრეზიდენტი და ასევე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი. რეგულაცია ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 21 დღის შემდეგ.

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0