თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მექანიზმის ამოქმედების შემდეგ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით შეძლებენ – 180 დღის მანძილზე ჯამში 90 დღით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
ევროპარლამენტმა ხუთშაბათს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ სიახლე ძალაში მარტის თვის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში შევა. ამ ეტაპზე მხოლოდ ტექნიკური პროცედურები დარჩა.
„თუ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს, შენგენის ზონის ქვეყნებში წასვლას გადაწყვეტს, მან ზუსტად უნდა იცოდეს – სად მიდის, რატომ და რა მიზნით. უვიზო რეჟიმი მხოლოდ იმათთვის იმოქმედებს, ვისაც ევროპის მონახულება მოკლევადიანი ვიზიტით სურს“, — განაცხადა ჯანელიძემ ბრიფინგზე.
სასწავლებლად ან სამუშაოდ წასვლის სურვილის შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზა იქნება საჭირო, დასძინა მინისტრმა.
„ევროპაში გამგზავრების მსურველი მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ, ევროპელი მესაზღვრეების მიერ დასმულ კითხვებს გასცენ პასუხი — სად მიდიან, უკან დაბრუნების დამადასტურებელი რა დოკუმენტაცია აქვთ, და დაამტკიცონ, რომ მათი ვიზიტი მოკლევადიანი იქნება“, — განაცხადა ჯანელიძემ.
დადგენილი პროცედურების თანახმად, ევროპარლამენტში ხმის მიცემის შემდეგ რეგულაციები ფორმალურად ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე უნდა დაამტკიცოს.
საკანონმდებლო ცვლილებები ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც მასზე ხელს მოაწერს ევროკავშირის პრეზიდენტი და ასევე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი. რეგულაცია ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 21 დღის შემდეგ.