თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ათასობით მექსიკელმა აშშ-თან საზღვარზე ცოცხალი კედელი აღმართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმ განცხადების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რომელიც მექსიკა-აშშ-ის მთელი საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებას ითვალისწინებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
აქციის მონაწილეებს ხელში ვარდები და ფერადი ალმები ეჭირათ და მისალმების ნიშნად უქნევდნენ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს.
„ჩვენ [კედელს] მეგობრობას დავუპირისპირებთ. როცა სხვადასხვა ხმა ერთმანეთს ერწყმის, ერთიანი ტონი იქმნება, როცა სხვადასხვა ხელი ერთმანეთს ეჭიდება, ეს ერთიანობას აჩვენებს და ადასტურებს ჩვენს სურვილს, დავრჩეთ ორ მეგობარ სახელმწიფოდ“, — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აშშ-სა და მექსიკას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკიდან არალეგალი ვიზიტორების შესაკავებლად ორი სახელმწიფოს მთელ საზღვარზე კედლის აშენებას აპირებს, რაშიც ფინანსური მონაწილეობა მექსიკამაც უნდა მიიღოს. თავის მხრივ, მექსიკის პრეზიდენტი კატეგორიულ უარს აცხადებს ნებისმიერი თანხის გადახდაზე.