თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საზღვარზე კედლის აშენების შესახებ, რომლისთვისაც, მისი განცხადებით, მექსიკამ უნდა გადაიხადოს, ამას კი მექსიკა არ აპირებს.
ტრამპის ბრძანებულებით, აშშ–მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები 180 დღის განმავლობაში უნდა დასრულდეს. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მშენებლობის ხარჯებს მექსიკა აანაზღაურებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„ეს იქნება ანაზღაურება ამა თუ იმ ფორმით, შესაძლოა, რთულ ფორმაში“, — განაცხადა ტრამპმა ტელეარხ АВС-სთან ინტერვიუში.
მან დაადასტურა, რომ ამ თემაზე უახლოეს მომავალში მექსიკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს.
ამასთან ერთად ტრამპმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დასრულების „ლოდინი არ შეუძლია“ და ამიტომ კედლის მშენებლობის დაწყებას აპირებს — ჯერჯერობით ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე. პროექტის ღირებულება პრეზიდენტს არ დაუსახელებია.
მექსიკის პრეზიდენტმა პენია ნიეტომ კვლავ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აშშ-თან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის არაფრის გადახდას არ აპირებს.
„ვწუხვარ და ვგმობ გადაწყვეტილებას კედლის მშენებლობის გაგრძელების შესახებ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გვყოფს, მექსიკას კედლების არ სწამს, მექსიკა არანაირი კედლისთვის არ გადაიხდის“, — განაცხადა პენია ნიეტომ საზოგადოებისადმი ტელემიმართვაში.
მექსიკის მეთაურმა აღნიშნა, რომ კედლის მშენებლობის გადაწყვეტილებას იღებენ იმ დროს, როდესაც მექსიკა აშშ-თან მოლაპარაკებებს იწყებს თანამშრომლობის ახალი წესების, ვაჭრობის, ინვესტიციების, საზღვარზე უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებზე. „ეს მოლაპარაკებები ძალზე მნიშვნელოვანია სიძლიერის, თავდაჯერებულობისა და ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების მომავლისთვის“, — აღნიშნა მან.
პენია ნიეტომ აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ-ში მოლაპარაკებებზე იმყოფებიან მექსიკის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები.
მექსიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ში თანამემამულეების დაცვის გაძლიერების ბრძანება მისცა.
„ჩვენი 50 საკონსულო მიგრანტების უფლებების ნამდვილ დამცველებად გადაიქცევა, მექსიკის მთავრობა მათ მხარს დაუჭერს და დაიცავს. სადაც არის მიგრანტისთვის საფრთხე, რომელსაც მხარდაჭერა უნდა, იქ უნდა ვიყოთ ჩვენც, იქ უნდა იყოს მისი ქვეყანა“, — აღნიშნა პენია ნიეტომ.
თეთრმა სახლმა უფრო ადრე განაცხადა, რომ 31 იანვარს ვაშინგტონში დაგეგმილია ტრამპისა და პენია ნიეტოს შეხვედრა, რომელზეც უნდა განიხილონ NAFTA-ს თავისუფალი ვაჭრობის ჩრდილოამერიკულ ზონის მომავალი შეთანხმების, იმიგრაციისა და საზღვარზე უსაფრთხოების საკითხები. პენია ნიეტოს თავის მიმართვაში მოლაპარაკებების შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა „ასოშიეიტედ პრესის“ ანონიმურმა წყარომ მიმართვამდე ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საზღვარზე კედლის მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს, მექსიკის მეთაური ამ ვიზიტის გაუქმებაზე ფიქრობს.