თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ისტორიაში პირადობის ელექტრონული მოწმობების — ID ბარათების უფასო გაცემის ყველაზე გრძელვადიანი აქცია დაიწყო, რომელიც 31 ოქტომბერს დასრულდება, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
აქციის მიზანია — ამომრჩეველთა სიის სრულყოფა.
ID ბარათი – პირადობის მაღალტექნოლოგიური მოწმობაა, რომელიც ფალსიფიკაციისგან მაქსიმალურად არის დაცული.
ID ბარათის აღებას უფასოდ შეძლებს საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც არ გააჩნიათ არც ერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს, მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები, რეგისტრაციიდან მოხსნილი საქართველოს მოქალაქეები და მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.
აქცია შეეხება იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი.
შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები ჩატარდება. არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
აქციის პირველივე დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამსახურებს 554 მოქალაქემ მიმართა.
პირადობის მოწმობების უფასო გაცემის აქციები იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ ჩაატარა. ამჟამად 3,5 მილიონი საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქიდან ID ბარათები უკვე 2 მილიონს აქვთ.
ჩვეულებრივ ID ბარათის მიღება 10–დღიან ვადაში ფოტოსურათის ღირებულების ჩათვლის გარეშე 30 ლარი ჯდება.
პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.