თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ენგურჰესის გვირაბის რეკონსტრუქციის პროექტზე კონკურსში მონაწილეობას მიიღებს Институт Гидропроект („ინსტიტუტი ჰიდროპროექტი“), რომელიც ერთ-ერთი მსხვილი რუსული ენერგოკომპანია РусГидро-ს („რუსგიდრო“) შემადგენლობაში შედის, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში „ინსტიტუტი ჰიდროპროექტის“ გენერალურმა დირექტორმა ევგენი ბელენდირმა.
საუბარია 15-კილომეტრიან დერივაციულ გვირაბზე, რომლითაც წყალი წყალსაცავიდან ტურბინებს მიეწოდება. კონკურსი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოაცხადა. სს „ინსტიტუტი ჰიდროპროექტი“ დოკუმენტების შეტანას მიმდინარე წლის 1 მარტამდე აპირებს. პროექტის ღირებულება 35 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული.
„ამჟამად აქტიურად ვემზადებით და გვინდა ენგურჰესის გვირაბის რეკონსტრუქციის პროექტზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ მოლაპარაკებები გავმართეთ და ურთიერთობა გვქონდა კოლეგებთან და ენგურჰესის დირექციასთან… ენგურჰესთან დაკავშირებით დოკუმენტები 1 მარტამდე უნდა შევიტანოთ. მსურველი ბევრია — უამრავი უცხოური კომპანია, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში აქტიურად მუშაობდნენ. ისინიც მიიღებენ მონაწილეობას ტენდერში, მაგრამ ჩვენ მათთან ვიბრძოლებთ“, — განაცხადა ბელენდირმა თბილისში საერთაშორისო კონგრესზე „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“.
საქართველოს უდიდეს ჰიდროელექტროსადგურზე დაგეგმილი რემონტის თაობაზე ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში განაცხადა. ენგურჰესზე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით 2017 წელს სამი-ოთხი კვირით, ხოლო 2018 წელს სამი-ოთხი თვით ენგურჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას შეწყვეტს.
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჰიდროელექტროსადგურზე ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, მაგრამ უკანასკნელად სამუშაოები 2006 წელს ჩატარდა და მაშინ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება ორი თვით შეაჩერა.
ენგურჰესი კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. ენგურჰესის კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.