თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ბაჰრეინის ეროვნული ავიაკომპანია Gulf Air-ი 2017 წლის 22 ივნისიდან რეგულარული რეისების განხორციელებას დაიწყებს ბაჰრეინსა და თბილისს შორის.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Gulf Air-ს შესაბამისი ნებართვა უკვე მისცა.
ავიარეისები კვირაში სამჯერ (ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას) განხორციელდება თვითმფრინავით Airbus A320. ავიაკომპანია რეისების განხორციელებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე გეგმავს.
ქართულ ავიაბაზარზე სულ 33 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი ფრენენ მსოფლიოს 20 ქვეყანაში 46 მიმართულებით. საქართველოს აეროპორტებით 2016 წელს 2,84 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2015 წლის მონაცემზე 26%-ით მეტია.
ბაჰრეინის ავიაკომპანია Gulf Air ქართული ავიაბაზრით 2016 წელს დაინტერესდა. საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას საქართველოსა და ბაჰრეინის მთავრობებმა გასული წლის 21 იანვარს მოაწერეს ხელი.
Gulf Air — ბაჰრეინის სამეფოს წამყვანი ავიაკომპანიაა. ის 1950 წელს დაარსდა და მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ნუსხაში შედის.
Gulf Air ფრენებს ახორციელებს სამი კონტინენტის 24 ქვეყნის 43 ქალაქში. ავიაპარკი დაკომპლექტებულია ისეთი თვითმფრინავებით, როგორებიცაა Airbus А319, Airbus A320, Airbus А321, Airbus А330-200 (330), Airbus А330-200 (332), Airbus А330-200 (333), Airbus А340 და Embraer E-170.