რა ხდება ქორწინების შემდეგ ისეთი, რაც ამის თქმის საფუძველს აძლევს დაოჯახებულებს, ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ფაქტია, რომ შესაბამის გრაფაში გაჩენილი ჩვენი ხელმოწერა ზოგჯერ ჩვენი პირადი თავისუფლების უკანასკნელ ავტოგრაფს ემსგავსება… გადავწყვიტეთ გავესაუბროთ ქალბატონს, რომლის უშუალო მონაწილეობითაც პასპორტში დაოჯახების გრაფაში შტამპიანების რიცხვი წლების მანძილზე იმატებდა. ციალა ჯოჯუა — თბილისის მმაჩის ბიუროს სტაჟიანი თანამშრომელია, რომელიც რიტუალების სასახლეში მისი გახსნის დღიდან მუშაობდა. სასახლის განყოფილების გამგე საქორწილო რიტუალებს უშუალოდ ატარებდა. აქ დაქორწინებული ბევრი წყვილი ახსოვს, მათ შორის, საქართველოში საგანგებოდ დასაქორწინებლად ჩამოსული ცნობილი უცხოელებიც…
– ქალბატონო ციალა, წარმომიდგენია, რამდენჯერ გაქვთ მოსმენილი მენდელსონის ვალსი…
— ძალიან ბევრჯერ, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ადრე მთელი წლების სტატისტიკას ვაწარმოებდი, მაგრამ მერე შევჩერდი. რას დავაკვირდი, იცით? მაშინ ქორწინებების რეგისტრაცია სულ მატულობდა და მატულობდა. ჩვენთან ქორწინების რეგისტრაცია ხალხს ძალიან მოსწონდა. 1984 წელს, როცა რიტუალების სასახლე გაიხსნა, მაგ პერიოდში მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ვმუშაობდი. იმ პერიოდში რამდენიმე თანამშრომელს შემოგვთავაზეს, რომ მუშაობს დაგვეწყო იმ განყოფილებაში, რომელსაც ქალაქის საბჭო ხსნიდა და იქ მიგვიყვანეს. გაგვესაუბრნენ და, ეტყობა, კარგი შთაბეჭდილება დავტოვე. მოვეწონე ამ საქმისთვის, მაგრამ თავიდან ერთი შემაბრკოლებელი მიზეზი იყო: კომპარტიის წევრი არ ვიყავი. პირდაპირ მითხრეს, თუ რამე თქვენ ხელს გიშლით, ისაა, რომ პარტიის წევრი არ ხართო. დიდხანს ვფიქრობდი ამ შემოთავაზებაზე, იმიტომ რომ უნივერსიტეტიდან წასვლა ძალიან მიჭირდა. პარტიის წევრი, მართალია, არ გავხდი, მაგრამ ბოლოს იუსტიციის მინისტრთან და ქალაქის საბჭოს შეთანხმებით მაინც გადაწყვიტეს, რომ ჩემი კანდიდატურა დაემტკიცებინათ.
– იმ წლებში რიტუალების სასახლეში ხელის მოწერა პრესტიჟული, მე ვიტყოდი, მოდურიც კი გახდა…
— როცა იქ მუშაობა დავიწყე, სასახლის დირექტორი ქალბატონი ელზა სიმონიშვილი იყო. მან პირველმა მითხრა, გადავწყვიტე, ჩვენთან იმუშავებთო. ასე რომ, 1985 წლის 15 მარტიდან რიტუალების სასახლეში მუშაობა დავიწყე და თბილისის სადღესასწაულო მმაჩის განყოფილების გამგედ დავინიშნე. ყველაფერს ვაკეთებდი: საბუთებს ვაფორმებდი, განცხადებებს ვიღებდი და რიტუალსაც ვატარებდი. უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, მათ რეგისტრაციასაც მე მანდობდნენ. მაშინ სასახლეში კომკავშირული ქორწილებიც ტარდებოდა.
– ცნობილია, რომ თამარ გვერდწითელისა და კახა კახაბრიშვილის კომკავშირული ქორწინება სწორედ ამ სასახლეში ჩატარდა.
— მაშინ სასახლეში არ მუშაობდა მმაჩის განყოფილება და კანდიდატურის შერჩევა, ანუ ის, თუ ვისი ხელმოწერა უნდა მომხდარიყო აქ, კამოს ქუჩაზე რომ „ქორწინების სახლია“, მათი თანამშრომლების მიერ ხდებოდა. თამარ გვერდწითელი-კახაბრიშვილისა და სხვა წყვილების შერჩევაც სწორედ მათ მიერ მოხდა.
– უცხოელი წყვილებიდან ვინ დაგამახსოვრდათ?
— არაოფიციალური რეგისტრაციით ჩატარებული მაქვს უცხოელი ცნობილი მომღერლის იან გილანისა და მისი მეუღლის დაქორწინების აქტი. 80-იანი წლები იყო, თბილისში მისი ანსამბლი იყო ჩამოსული. ამ წყვილს ჰქონია ასეთი წესი – თუ რომელიმე ქვეყანაში განსხვავებული საქორწინო რიტუალი ტარდებოდა, მასში იღებდნენ მონაწილეობას. ასე რომ, იან გილანს ჩავუტარეთ საქორწინო რიტუალი. მახსოვს, ბევრი სტუმარი იყო, ბეჭდების გაცვლა, მილოცვა… იან გილანს ქართული ჩოხა ჩააცვეს, მის მეუღლესაც ქართული სამოსი ეცვა, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერები იყვნენ. სასახლის გარდა ჩვენ თბილისობაზეც დავდიოდით, რომლის დროსაც ძალიან ბევრი რეგისტრაცია გვაქვს ჩატარებული. დღეს ამ სისტემაში თითქმის რვა წელია, აღარ ვმუშაობ.
– სანამ სამსახურიდან წახვიდოდით, თანამედროვე ცნობილი ადამიანებიდან ვინ დააქორწინეთ?
— შოუმენმა ვანო ჯავახიშვილმა ჩვენთან მოაწერა ხელი, ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილიც ჩემი დაქორწინებულია. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც ჩვენთან მოაწერა ხელი…
– ქალბატონო ციალა, ამ წლების მანძილზე ახალდაქორწინებულებისადმი მიმართვის თქვენი ტექსტი იცვლებოდა?
— არ იცვლებოდა. ჩემი ოფიციალური ტექსტი წლების მანძილზე იყო შემუშავებული, ანუ, ვაცხადებდი წყვილის სახელსა და გვარს, ვეკითხებოდი ქორწინების რეგისტრაცია რამდენად გაქვთ გადაწყვეტილი–მეთქი, მერე ისინი ბეჭდებს ცვლიდნენ, მოწმეები ხელს აწერდნენ, იყო მილოცვა და ქორწინების მოწმობის საზეიმო ვითარებაში გადაცემა.
– თქვენ სასახლეში ხელის მოწერის დროს გარკვეული ლამაზი რიტუალები სრულდებოდა…
— სასახლეში სპეციალურად გაკეთებული ანტრესოლი იყო, საიდანაც მრავალჟამიერის ფონზე ახალდაქორწინებულებს მიხაკის ფურცლებს აყრიდნენ თავზე. მაშინ მიხაკები იყო მოდაში. მერე სასახლეში იყო ჭა (ახლა ის დახურულია), რომელსაც ბედნიერების ჭას ეძახდნენ. წყვილს იქ უნდა ჩაეხედა და თავისი ბედნიერი მომავალი ჩაეფიქრებინა…
– თავად სად მოაწერეთ ხელი?
— ეს იყო ორჯონიკიძის მმაჩის განყოფილება, მაგრამ მაშინ არანაირი საზეიმო რიტუალი არ ტარდებოდა. ეს იყო 1960 წელს… უჰ, რამდენი დრო გასულა!
– მითხრეს, რომ წყვილებს თქვენთან დაქორწინება კარგად ჰქონდათ დაცდილი…
— გეტყვით, რომ ჩემ მიმართ კარგი განწყობა ხალხში მართლა არსებობდა, იმიტომ რომ ერთი დაქორწინდა ბედნიერი იყო, მერე მეორე, მესამე… და გამოდის, რომ ბედნიერი ფეხი მქონია. დღემდე ყველას ვლოცავ და ბედნიერებას და სიყვარულს ვუსურვებ.
ბოლოს ქორწინების თემას, თქვენის ნებართვით, ერთი ანეკდოტით დავასრულებ:
მეგობარი მეგობარს საყვარელ ქალზე ეუბნება:
— ჩვენ 10 წელი ვიყავით ერთად ბედნიერი, შემდეგ კი ყველაფერი დასრულდა.
— რატომ, დაშორდით?
— არა, დავქორწინდით…
— მოკლედ, თქვენი გადასაწყვეტია, დაქორწინდებით თუ არა, თუმცა ოტია იოსელიანის ერთი ცნობილი პიესის გმირის, მიტუასი არ იყოს, თუ მაინცა და მაინც უნდა ინანოთ, თქვენც ადექით და დაქორწინდით! მმაჩის ბიუროში მისვლა კი საბოლოო ვერდიქტი სულაც არ არის…