გია ჯაჯანიძე: შეყვარებული ვარ და ეს ძალიან მაბედნიერებს

გამოწერა
ჟურნალისტების წრეში, და არა მარტო ჟურნალისტების სიყვარულის ექსპერტად არის აღიარებული... მას ხშირად მიმართავდნენ წყვილები რჩევის სათხოვნელად. ბევრი ოჯახი გადაურჩენია დაგრევას, ბევრისთვის სასარგებლო რჩევა მიუცია. შეყვარებულთან დაშორების მძიმე წუთები მისი დახმარებით ბევრს უმტკივნეულოდ გადაუტანია.

სიყვარული ფართო მცნებაა, რომელიც ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად ესმის და სხვადასხვაგვარად შეიგრძნობს. ამბობენ, თუ ნამდვილად გიყვარს, მას სიტყვებით ვერ გადმოსცემო. ასეა გია ჯაჯანიძის შემთხვევაშიც. როგორც ტელეწამყვანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, როცა ნამდვილად უყვარს, ვერასდროს ვერ უხსნის სიყვარულს. 

ბევრჯერ ჰყვარებია…

© FB/ Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე
გია ჯაჯანიძე - Sputnik საქართველო
გია ჯაჯანიძე

მისი თქმით, სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელმაც სიხარული და ბედნიერება უნდა მოგიტანს. თუ სიყვარულს გულისტკივილი და იმედგაცრუება მოაქვს, ესე იგი ეს არასწორი სიყვარულია. 

— რაც კაცობრიობა გაჩნდა დედამიწაზე, მას შემდეგ იკვლევენ, მაგრამ ვერ დაადგინეს, რა არის სიყვარული. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ყველას თავისებურად ესმის სიყვარულის მცნება. გამონაკლისი არც მე ვარ. ძალიან ბევრჯერ მიყვარდა, მაგრამ სულ მგონია, რომ პირველად შემიყვარდა, ეს ის არის, ვისაც ვეძებდი… სამწუხაროდ, შემდეგ ვხვდები, რომ ეს ის არ არის, ვისაც ვეძებდი. არ შემიძლია დავიწყო დემაგოგობა, რომ სიყვარული არის ამაღლებული გრძნობა და ა.შ. ვერ გეტყვი, მართლა არ ვიცი! მე როცა ჭეშმარიტად ვარ შეყვარებული, ვერასოდეს ვერ ვუხსნი სიყვარულს… 

 — შეიძლება სიყვარული ზიანის მომტანი იყოს ადამიანისთვის?

— თუ არასწორი სიყვარულია, ამან შეიძლება ზიანი მოუტანოს ადამიანს. ძალიან ხშირად ადამიანები იტანჯებიან სიყვარულისგან. ეს უკვე არასწორი სიყვარულია. არაფრით არ შეიძლება ჭეშმარიტ სიყვარულს თან ახლდეს ტანჯვა. როცა გიყვარს, უნდა იყო ბედნიერი. არ აქვს მნიშვნელობა სიყვარული როგორ შემოდის ჩვენში, სიყვარულმა უნდა მოგიტანოს ბედნიერება. 

© photo: courtesy of Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე ჭიათურაში
გია ჯაჯანიძე ჭიათურაში - Sputnik საქართველო
გია ჯაჯანიძე ჭიათურაში

– ხშირად მოგმართავდნენ წყვილები რჩევის სათხოვნელად. რამე განსაკუთრებულ ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით?

— შეყვარებულები ძირთადად მაშინ მომმართავდნენ, როცა იტანჯებოდნენ. როცა ბედნიერები იყვნენ, მაშინ არ მომმართავდნენ. ტანჯვას თან ახლდა უძილობა, უიმედობა, თავის ტკივილები, სტრესი, დეპრესია. ეს ადამიანები მთელი ცხოვრება მემახსოვრება. 

ერთ-ერთი ქალბატონი დაშორდა შეყვარებულს. ჩემდა გასაკვირად, არ ჰქონდა დეპრესია. ვკითხე, რატომ ხარ ასე, არ განიცადე–მეთქი? იცით, რა მიპასუხა? იმდენად მიყვარს, სადაც არ უნდა იყოს, თუ ვიცი, რომ ბედნიერია, მეც ბედნიერი ვიქნებიო. ეს ისტორია სხვებთან რომ მოვყევი, ვერავინ ვერ გაიგო. ყველა ამბობდა, რომ ეს ქალი სულელია – ვინც მიყვარს, თუ ჩემთან არ იქნება, რას დავეძებ სად იქნება ბედნიერიო. ეს ქალი განსაკუთრებით ჩამრჩა მეხსიერებაში. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად გავუგე. ადამიანი ეგოისტია და უნდა, რომ მის გვერდით იყოს ის, ვინც უყვარს. ადამიანები სხვების ბედნიერებაზე არ ფიქრობენ. 

იყო ასეთი შემთხვევაც, ჩემთან სტუმრად იყო ცოლ-ქმარი. ვისაუბრეთ, ბევრი კითხვა დავსვით, გავეცით პასუხები, ვიკამათეთ, ვიმსჯელეთ და მოულოდნელად ცოლმა აღმოაჩინა, რომ ქმარი აღარ უყვარს და ჩემ თვალწინ უთხრა, იცი, მივხვდი, რომ მე შენ აღარ მიყვარხარო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვიკითხე ამ წყვილის ამბავი და აღმოჩნდა, რომ ქმარიც იგივე დასკვნამდე მივიდა და უთხრა, იცი, არც მე აღარ მიყვარხარო, და ასე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. ამ ამბავს ჩემი ერთ-ერთი ნახატიც მივუძღვენი.

© FB/ Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძის ნახატები
გია ჯაჯანიძის ნახატები - Sputnik საქართველო
გია ჯაჯანიძის ნახატები

– რაიმე უცნაური საქციელი ჩაგიდენიათ სიყვარულის გამო?

— მიუხედავდ იმისა, რომ თვლიან, რომ ორიგინალურობით გამოვირჩევი, მსგავსი არაფერი ჩამიდენია. როცა მიყვარს, არ შემიძლია ავუხსნა, დავუმტკიცო, დავუსაბუთო. ლექსი დამიწერია სიყვარულზე, როცა შეყვარებული არ ვყოფილვარ და შემდეგ გავოცებულვარ. შეყვარებული ვყოფილვარ, მაგრამ ვერ ამიხსნია, ვერ გადმომიცია. შეიძლება ახლა ჩემ დიალოგში ასაკი თამაშობს დიდ როლს. მთელი ცხოვრება შეყვარებული ვიყავი და ამით ვიყავი ბედნიერი. 

– ყოფილა შემთხვევა, რომ სიყვარულის გამო გითქვამთ – „აქ დამთავრდა ცხოვრება“?

— არასოდეს არ ყოფილა მსგავსი რამ. თუმცა ხშირად მომისმენია ადამიანებისგან, რომ მორჩა, დამთავრდა სიცოცხლე. ახალგაზრდა შეყვარებულებისგან მომისმენია, რომ მორჩა, მე ვიპოვე ის, ვინც მთელი ცხოვრება მეყვარება, მის გარეშე ვეღარ ვიცოცხლებ! მაგრამ ეს ასე არ არის, დამიჯერეთ. დეპრესიული, განცდის პერიოდი არის ექვსი თვე. ექვსი თვის მერე ისევ იღვიძებს სიყვარულის ჰორმონი.

© FB/ Giorgi Jajanidzeგია ჯაჯანიძე ინდოეთში, ტაჯ მაჰალის წინ
გია ჯაჯანიძე ინდოეთში, ტაჯ მაჰალის წინ - Sputnik საქართველო
გია ჯაჯანიძე ინდოეთში, ტაჯ მაჰალის წინ

– ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ შეყვარებულები ერთმანეთს უკეთებენ ჯადოს. როგორ ფიქრობთ ასეთ სიყვარულს მომავალი აქვს?

— ძალიან ბევრი ამბავი გამიგია ამის შესახებ, მომისმენია, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ადამიანები ჯანმრთელები არ არიან, მათ ფსიქიკაში რაღაც დარღვევა აქვთ. ესენი არიან მისტიკურად მოძალადე ადამიანები. ამ ფორმით მოპოვებულ სიყვარულს გაგრძელება არასოდეს არ ექნება. საოცარი ის არის, რომ ამის შემდეგ ან ერთი კვდება ან მეორე. ანუ, ხშირად ჯადოს გაკეთება სავალალო შედეგით სრულდება.

– რას ურჩევთ შეყვარებულ წყვილებს?

– ადამიანებს ხშირად ვურჩევ – როცა ვინმე მოგწონს, მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ უნდა იფიქრო, არამედ უნდა დააკვირდე მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას – რა მოსწონს, რა იტაცებს, რა უყვარს, რა უხარია, რა ანიჭებს ბედნიერებას. ამ დაკვირვებაში შენ სწავლობ ადამიანის ცნობას, ხვდები მის ხასიათს. ამის შემდეგ ნაკლებად ხდება ხოლმე კონფლიქტი. შენი პარტნიორის  ყველა ნიუანსი უნდა შეისწავლო. უნდა გაითვალისწინო, რა აბრაზებს, როგორი ჩაცმის სტილი მოსწონს, რა ტკბილეული უყვარს. ამ დაკვირვებების მერე იწყება თავის მოწონება. თუ არ იცი იმ ადამიანს რა იზიდავს და, შესაბამისად, არ მოქმედებ, თავდაყირაც რომ დადგე, არავინ ყურადღებას არ მოგაქცევს. შეიძლება ფიზიკურად მოეწონო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს გაივლის. 

– რამდენად მნიშვნელოვანი დღეა თქვენთვის ვალენტინობა?

— "ვალენტინობა" ადამიანებმა მოიგონეს. მინდა ერთი ექსკლუზივი შემოგთავაზოთ: ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძე და ვფიქრობ, რა სასიხარულოა, რომ ვიღვიძებ და ვცოცხლობ. ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება „დილა მშვიდობისა“, „გამარჯობა“, „საღამო მშვიდობისა“ ჩავანაცვლო სიტყვით „გილოცავ“. გავაკეთე ექსპერიმენტი: სამსახურში რომ მივდივარ, ვამბობ „გილოცავ“. პირველად რომ მივედი და ამ სიტყვას ვეუბნებოდი, ყველას უკვირდა და მეკითხებოდნენ, რას გვილოცავ? იმას, რომ ცოცხლები ხართ, გაქვთ სამსახური, გყავთ ოჯახი. ძალიან იმხიარულეს ამაზე და მოეწონათ იდეა. ყველამ აიტაცა და შეხვედრის დროს ერთმანეთს ეუბნებიან „გილოცავ“. ძალიან დიდი პოზიტივი და მხიარულება შემოვიდა აქედან. მინდა, რომ ეს დავამკვიდრო და პირველად ვამბობ თქვენთან ექსკლუზიურად.

– დღეს გია ჯაჯანიძე შეყვარებულია?

— დიახ. შეყვარებული ვარ და ეს ძალიან მაბედნიერებს. 

ყველა ახალი ამბავი
0