თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. უკრაინელმა სპეციალისტმა ვიაჩესლავ გროზნიმ, ოჯახური გარემოებების გამო, თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, იუწყება კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„ოჯახური პირობების გამო თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ შეკრება დატოვა და თურქეთიდან სამშობლოში გაფრინდა. უკრაინელი სპეციალისტი ვეღარ გააგრძელებს „დინამოში“ მუშაობას. შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს კლუბის ხელმძღვანელობა 13 თებერვალს გაცნობებთ“, — ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის „დინამო“ თურქეთის ქალაქ ბელექში 11 თებერვლიდან იმყოფება, სადაც წინასასეზონო მომზადებას გადის. გროზნი თურქეთიდან პირდაპირ სამშობლოში გაემგზავრა.
გროზნი „დინამოს“ სათავეში 2016 წლის ოქტომბერში ჩაუდგა, კონტრაქტი გააფორმა სისტემით 1+2. მან ამ პოსტზე თამაზ სამხარაძე შეცვალა, რომელიც სლოვაკი სპეციალისტის იურაი იარაბეკის შემდეგ გუნდს დროებით ხელმძღვანელობდა.
გროზნის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამომ“ საქართველოს 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.
თავისი პროფესიონალური კარიერის მანძილზე გროზნი მუშაობდა უკრაინის კლუბებთან ("არსენალი", "მეტალურგი"), რუსეთის კლუბებთან ("სპარტაკი", "ტერეკი") და ყაზახეთის კლუბ "ტობოლთან". მწვრთნელის ბოლო სამუშაო ადგილი იყო უკრაინული "გოვერლა" უჟგოროდიდან. სპეციალისტი იქ 2013 წლიდან 2016 წლის ზაფხულამდე — კლუბის დაშლამდე მუშაობდა.
მთავარი მწვრთნელის ამპლუაში გროზნი ორჯერ უკრაინის თასის ფინალისტი გახდა (1997–"დნეპრი" და 2006–"მეტალურგი"), 1996 და 2002 წლებში უკრაინის, ხოლო 1998 წელს ბულგარეთის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.