თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერიის შენობასთან საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმასთან მერიის „გარიგების“ გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე ასამდე ადამიანი შეიკრიბა. „გარიგების“ თანახმად, მან მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ საერთო ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი უნდა მიიღოს. ნატა ნაზღაიძე „რუსთავი 2“-ის მისი ყოფილი მფლობელისთვის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის საქმეს იხილავდა და გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გამოიტანა.
ვითარება აქციაზე მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს, რათა მერი დავით ნარმანია ენახათ. ამას ხელი შეუშალა დაცვის სამსახურმა და პოლიციამ, რომელიც შენობის მთელ პერიმეტრზე იყო განლაგებული.
„ნარმანიას არ აქვს პასუხი კითხვაზე, რომელიც მოსამართლის მიერ ქრთამის აღებას ეხება. ამიტომაც ჩაკეტა კარები ჩვენ წინ“, — განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შეხლა–შემოხლის გამო რამდენიმე წუთით შარტავას ქუჩის სავალი ნაწილი გადაიკეტა.
„წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის დაუმორჩილებლობის“ ბრალდებით პოლიციამ 13 ადამიანი დააკავა.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები, რომელშიც რვა ოპოზიციური პარტია შედის, მათ შორის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საბჭო გასულ კვირაში „რუსთავი 2“-ის დაცვის მიზნით შეიქმნა.
საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჟიოტაჟის შექმნას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
„თბილისის მერია არ გასცდენია კანონიერების ფარგლებს და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დამატებითი კითხვები კონკრეტული პირების მხრიდან, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს“, — ნათქვამია განცხადებაში.
საპროტესტო აქციის დროს დაკავებულთა მომხრეები ამჟამად საპროტესტო აქციას შსს–ს შენობასთან ატარებენ.