თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის ფარმაცევტი, კაპრალი მარიკა გელაძე გორში, საკუთარ სახლში „112“-ის სამაშველო ბრიგადამ გარდაცვლილი იპოვა, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-16 უზრუნველყოფის ბატალიონის სამედიცინო ასეულის ფარმაცევტის, კაპრალ მარიკა გელაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი“, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.
საქმეს შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.