თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს მესამე ვადით არჩევა მიულოცა.
გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით ხმების 97,76% მიიღო და თურქმენეთის პრეზიდენტი მესამედ გახდა. დასწრებამ ამომრჩეველთა 97,27% შეადგინა.
„მოქალაქეების ერთობა, რომელიც არჩევნებზე ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით გამოიხატა, განპირობებულია ხალხის გადაწყვეტილებით სტაბილურობისა და თურქმენეთის მრავალმხრივი განვითარების სასარგებლოდ. თქვენი, როგორც პოლიტიკოსისა და სახელმწიფო მოხელის მდიდარი გამოცდილების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ რთული გლობალური და რეგიონული ეკონომიკური გამოწვევების პერიოდში, თქვენი ხელმძღვანელობით თურქმენეთი მიაღწევს განვითარების ახალ სიმაღლეებს“, — ნათქვამია მილოცვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობის შემდგომი განმტკიცების იმედი გამოთქვა.
საქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს 2015 წელს ესტუმრა. ამ ვიზიტის დროს პრეზიდენტებმა ორმხრივი შეთანხმებები გააფორმეს, რომლებიც ტრანსპორტის, ეკონომიკის, ფინანსების, განათლების, სპორტის დასხვა სფეროს ურთიერთობების განვითარებას შეუწყობენ ხელს.