თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. თურქმენეთის მოქმედი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუხამედოვი სახელმწიფოს მეთაურად მესამედ აირჩიეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გულმირად მირადოვზე დაყრდნობით.
კვირას გამართულ არჩევნებზე ამომრჩეველთა 97,27% გამოცხადდა.
„წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ თურქმენეთის დემოკრატიული პარტიის მიერ წამოყენებულმა კანდიდატმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა 3 067 924 ხმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა ხმების 97,69%-ია, და გაიმარჯვა თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. მოსახლეობას შემაჯამებელი ინფორმაცია კანონით დადგენილ დროში მასმედიის საშუალებით მიეწოდება“, — განაცხადა თურქმენეთის ცესკოს ხელმძღვანელმა.
კანონით თურქმენეთის ცესკომ არჩევნების საბოლოო შედეგები არჩევნებიდან არაუგვიანეს მეშვიდე დღისა უნდა გამოაქვეყნოს.
ქვეყნის კონსტიტუციით, ბერდიმუხამედოვი პრეზიდენტად შვიდი წლით აირჩიეს. აქამდე მას ეს თანამდებობა ხუთწლიანი ვადით ორჯერ ეკავა.
ბერდიმუხამედოვი 59 წლისაა. არის დიპლომირებული მედიკოსი, აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, არის თურქმენეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 2011 წლის ოქტომბერში მას თურქმენეთის გმირის წოდება მიენიჭა. თავისუფალ დროს მისდევს სპორტსა და ცხენოსნობას. ფლობს რუსულ და გერმანულ ენებს. ჰყავს ვაჟი და ორი ქალიშვილი.