თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.
გერმანიის ახლადარჩეული პრეზიდენტი საქართველოს სამჯერ ესტუმრა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. მისი უკანასკნელი ვიზიტი 2016 წლის ივნისში შედგა, როდესაც ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობდა, რომელიც თბილისში გაიმართა.
„საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული მტკიცე კულტურული, ისტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას. ჩვენს ხალხებს საერთო ღირებულებები აკავშირებთ და საქართველო განსაკუთრებით აფასებს იმ წვლილს, რომელსაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ასრულებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, — ნათქვამია მარგველაშვილის მილოცვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის ახალ პრეზიდენტთან უკვე 2017 წელს შეხვედრის იმედი გამოთქვა.
„მიმდინარე წელი არის საქართველოსა და გერმანიის მეგობრობის წელი, რაც ბრწყინვალე შესაძლებლობას ქმნის ერთობლივად ვიმსჯელოთ თანამშრომლობის სამომავლო ინიციატივებზე. მტკიცედ მწამს, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული კავშირები და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ გაღრმავდება“, — ნათქვამია მილოცვაში.
გერმანია იყო ევროპის თანამეგობრობის პირველი ქვეყანა, რომელმაც 1992 წლის მარტში საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. 1992 წლის აპრილში ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა და საქართველოში გერმანიის საელჩო გაიხსნა. 2017 წელს საქართველოში გერმანული დასახლების დაარსებიდან 200 წელი სრულდება.
საქართველო და გერმანია ყველა სფეროში თანამშრომლობენ, განსაკუთრებით განათლებისა და კულტურის კუთხით.