თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ინფორმაციას უძრავი ქონებისა და ბიზნესის შესახებ უახლესი ტექნოლოგიებით დაიცავენ.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი იწყებს სისტემის საპილოტე პროექტის დანერგვას, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეყრდნობა – საჯარო რეესტრი ბლოკჩეინში ოფიციალური ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ მონაცემებს გადააგზავნის, რითიც განხორციელებული ტრანზაქციის ნამდვილობასა და უტყუარობას დაადასტურებს, განაცხადეს უწყებაში.
ბლოკჩეინი მონაცემთა დეცენტრალიზებული ბაზაა. მონაცემთა ტრადიციული ბაზებისგან განსხვავებით, იგი დაცულია როგორც კიბერ–შეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმე მონაცემში საეჭვო მანიპულაციის ნებისმიერ მცდელობას ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.
საჯარო რეესტრმა საპილოტე პროექტი კომპანია BitFury Group–ის სპეციალისტებთან ერთად 2016 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე შეიმუშავა. კომპანიასთან თანამშრომლობის პირველი ფაზის მსვლელობისას ასევე განხორციელდა ტექნიკური და სხვა მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის რეალურ რეჟიმში რეალიზებისთვის.
2017 წლიდან საჯარო რეესტრი BitFury Group–თან თანამშრომლობის მეორე ეტაპს იწყებს, რაც გულისხმობს საპილოტე პროეტების ამოქმედებას რეალური დროის რეჟიმში და ითვალისწინებს „ჭკვიანი პროექტების“ დანერგვას.
„საჯარო რეესტრი მსოფლიოში უახლეს ტექნოლოგიას გამოიყენებს, რომელიც ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და უზრუნველყოფს განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, გამჭვირვალობასა და მოქნილობას. პროცესი არის ელექტრონული, რაც გულისხმობს ადამიანური რესურსის ჩაურევლობას, რაც თავისთავად მის დაცულობას და ხელმისაწვდომობას მოიცავს. ტრანზაქცია რომელიც ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება იქნება ელექტორნული წესით, რამდენიმე ადგილას დაცული“, – განაცხადა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისას გამოიყენებს, აღნიშნეს უწყებაში.
ბლოკჩეინში შესაძლებელია მონაცემების შენახვა ფულადი გადარიცხვების, გაცემული კრედიტების, საკუთრების უფლებების, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, ქორწინების შესახებ. ბლოკჩეინში შეიძლება ჩაწერო ყველაფერი, რის დაწერაც ქაღალდზე შეიძლება, მხოლოდ ერთი განსხვავებით – მასში ჩანაწერის შეცვლა ან გაყალბება არარეალურია.