თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თურქმენეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნების გახსნიდან ორი საათის შემდეგ, საკუთარი პოზიცია ამომრჩეველთა 25,5%-მა დააფიქსირა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით.
თურქმენეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა აქტივობის კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებელს, ამიტომ არჩევნები მოსახლეობის აქტივობის ნებისმიერ შემთხვევაში ჩატარებულად ჩაითვლება. არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.
თურქმენეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს 2587 საარჩევნო უბანია გახსნილი, აქედან 39 საზღვარგარეთ თურქმენეთის დიპმისიებში. საარჩევნო სიაში 3 მლნ 223 ათას 455 ამომრჩეველია შესული.
ქვეყნის პირველი პირის სახელმწიფო პოსტზე რვა კანდიდატია პრეტენდენტი, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი.
2016 წლის 14 სექტემბერს მიღებული თურქმენეთის ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები შვიდ წლამდე გაიზარდა, ასევე გაუქმდა ასაკობრივი ზედა ზღვარის შეზღუდვა — 70 წელი.
სახელმწიფოს მთავარი კანონის მიხედვით, თურქმენეთის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ქვეყნის მოქალაქე 40 წლის ზემოთ ასაკის, თურქმენეთში დაბადებული, რომელიც უნდა ფლობდეს ეროვნულ ენას და 15 წლის განმავლობაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს და საქმიანობდეს თურქმენეთში