ბრიტანეთში XV-XVI საუკუნეების ორი მლნ ფუნტი სტერლინგის ღირებულების წიგნები მოიპარეს

© Fotolia / adistockწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გატაცებულ წიგნებს შორისაა ნიკოლაი კოპერნიკის 1543 წლით დათარიღებული წიგნი „ციური სხეულების ბრუნვის შესახებ“, ნიუტონის, გალილეის, ლეონარდო და ვინჩის წიგნები, ასევე დანტეს 1569 წელს გამოცემული „ღვთაებრივი კომედია“.

თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. დამნაშავეთა ჯგუფმა ბრიტანეთში XV-XVI საუკუნეების ორი მლნ ფუნტი სტერლინგის ღირებულების იშვიათი წიგნები გაიტაცეს, მათ შორისაა ნიკოლაი კოპერნიკის გამოცემა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Daily Mail–ზე დაყრდნობით.

„სამი მძარცველი შენობის სახურავზე ავიდა, გაძლიერებული მინაპლასტიკური ფანჯრები ამოჭრა და იქიდან შევიდა 12–მეტრიანი თოკებით საცავში, რომელიც მოძრაობის დეტექტორით იყო აღჭურვილი. ისინი მიიმალნენ 160–ზე მეტი წიგნით, რომელთა უმეტესობა XV-XVI საუკუნეებითაა დათარიღებული“, – წერს გამოცემა.

წიგნები სპეციალურ საწყობში, „ჰითროუს“ აეროპორტთან ახლოს ინახებოდა. ტვირთი აშშ–ში უნდა გაეგზავნათ. გაზეთის ანონიმური წყარო აცხადებს, რომ წიგნები საწყობში სულ რამდენიმე საათი უნდა ყოფილიყო.

წიგნები - Sputnik საქართველო
თბილისში ისტორიული წიგნების ქურდობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

გატაცებულ წიგნებს შორისაა ნიკოლაი კოპერნიკის 1543 წლით დათარიღებული წიგნი – ასტრონომის მთავარი ნაშრომი „ციური სხეულების ბრუნვის შესახებ“. ამ გამოცემას ექსპერტები დაახლოებით 215 ათას ფუნტ სტერლინგად აფასებენ. გატაცებულ გამოცემებს შორისაა ასევე ნიუტონის, გალილეის, ლეონარდო და ვინჩის წიგნები, ასევე დანტეს 1569 წელს გამოცემული „ღვთაებრივი კომედია“.

„ასეთი წიგნების გატაცების შესახებ არასდროს მსმენია. ეს ექსტრაორდინარული შემთხვევაა. ჩვენს სფეროში მსგავსი არასდროს არაფერი მომხდარა“, – განაცხადა ანტიკვარული წიგნების გამყიდველთა ასოციაციის წარმომადგენელმა ბრაიან ლეიკმა.

ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, ვის შეეძლო წიგნების მოპარვა, მაგრამ თანხმდებიან, რომ ისინი დაკვეთით გაიტაცეს.

„შეუძლებელია მათი მიყიდვა კეთილსინდისიერი დილერის ან აუქციონის სახლისთვის… ქურდობა მოხდა ისეთი ადამიანისთვის, ვინც ასეთ წიგნების სპეციალისტია. ამის უკან კოლექციონერი დგას“, – აცხადებს გაზეთის ანონიმური წყარო.

მისი თქმით, წიგნები სამ სხვადასხვა დილერს ეკუთვნოდა და ყველა მოპარულ გამოცემას „ფანტასტიკური კოლექციის შექმნა შეუძლია“.

მოპარული წიგნების ერთ–ერთი მფლობელი, რომელმაც ამის გამო 680 ათასი ფუნტი სტერლინგი დაკარგა, ასევე დარწმუნებული, რომ ქურდობა დაკვეთით მოხდა.

„ეს სპეციალიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი იყო. მათ მხოლოდ წიგნები წაიღეს და მეტი არაფერი“, – აღნიშნა დილერმა იტალიის ქალაქ პადუიდან, რომელიც კოპერნიკის მოპარული წიგნის მფლობელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0