თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სასჯელაღსრულების სისტემაში მსჯავრდებულ დედებთან დაკავშირებით შესაძლოა ახალი ნორმა დაინერგოს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
საკანონმდებლო ინიციატივა მსჯავრდებული დედების შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ მომზადდა.
ქალთა დაწესებულებაში დედებს მხოლოდ სამ წლამდე შეუძლიათ შვილების დატოვება. ამის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ბავშვები გაჰყავთ.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, დედებს საშუალება მიეცემათ შაბათ-კვირას, ერთი წლის განმავლობაში დაწესებულება დატოვონ და ეს დრო შვილებთან ერთად გაატარონ.
ინიციატივას დადებითად აფასებენ არასამთავრობო სექტორში. ისინი პარლამენტის დეპუტატებს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას.
საკანონმდებლო ინიციატივა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე განიხილეს. საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უწყების მინისტრ კახა კახიშვილის ბრძანებით შეიქმნა, მინისტრის სათათბირო ორგანოა.
საკონსულტაციო საბჭო სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა. საბჭოში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის 42 წარმომადგენელი და ექსპერტი შედის. საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.