თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა გაათავისუფლოს, რომელიც სოფელ დრანდაში იზოლატორში იმყოფება, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ლუკავას მეუღლესთან, ლალი ბასარიასთან შეხვედრის შემდეგ.
ლალი ბასარიამ, უკვე მეხუთე დღეა, მშრალი შიმშილობა გამოაცხადა საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან. რვა შვილის დედა ლალი ბასარია საქართველოს ხელისუფლებისგან ექვსი წელია ითხოვს მეუღლის გათავისუფლებას. ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე და ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს არაერთხელ დაუყენებია ლუკავას გათავისუფლების საკითხი.
„ეს არის სპეციფიკური საკითხი და რა თქმა უნდა, ამგვარი საკითხების გადაწყვეტა არ ხდება ყოველთვის ხამაღალი პიარის ან კამერების თანდასწრებით. ეს ძალიან ფაქიზი თემა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დადგეს შედეგი… კიდევ ერთხელ დავარწმუნე (ბასარია) იმაში, რომ ამ აქციის გარეშე სახელმწიფო აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს, ვიდრე შედეგი არ იქნება. შედეგში კი ვგულისხმობ ლუკავას გათავისუფლებას დრანდის ციხიდან. ჩვენთვის ეს თემა იქნება ძალიან პრიორიტეტული“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პრეს–სამსახურმა გაავრცელა კომენტარები, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი ლუკავას გასათავისუფლებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გაეროს წარმომადგენლობა.
ბასარიას ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს ხელისუფლება მისი მეუღლის გათავისუფლებაზე მუშაობს. მან საეჭვო უწოდა 2016 წელს მეუღლისგან მიღებულ წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ მან აფხაზეთის დატოვებაზე უარი განაცხადა.
1992–1993 წლებში ლუკავა აფხაზეთის კონფლიქტის დროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ის გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში 2011 წლის 9 მაისს დააკავეს. მას ბრალად ედება კავშირი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან „ტყის ძმები“. მას პატიმრობის 20 წელი მიუსაჯეს.