აფხაზეთში დატყვევებული ქართველი მეომრის მეუღლემ მშრალი შიმშილობა დაიწყო

© photo: Sputnikკანცელარია
კანცელარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები რვა შვილის დედას ლალი ბასარიას არწმუნებენ, რომ მისი მეუღლის გიორგი ლუკავას გათავისუფლებაზე მუშაობენ.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში აფხაზეთის ომის მონაწილის გიორგი ლუკავას მეუღლემ ლალი ბასარიამ ორი დღეა რაც მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. გიორგი ლუკავა დრანდის ციხეში იმყოფება.

რვა შვილის დედა ლალი ბასარია საქართველოს ხელისუფლებისგან ექვსი წელია ითხოვს მეუღლის გათავისუფლებას. ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე და ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულ მხარეს არაერთხელ დაუყენებია ლუკავას გათავისუფლების საკითხი.

„მივმართავ პრემიერ–მინისტრს, მისი სიტყვებია, რომელიც მან 2016 წლის 5 მაისს გაახმოვანა, რომ მას ჰყავდა ერთადერთი ტყვე, რომელიც ოჯახს შემოდგომაზე დაუბრუნდებოდა. შემოდგომა კი უკვე გავიდა… ჩემი მთავარი მოთხოვნაა, დამიდასტურონ, ცოცხალია თუ არა ჩემი მეუღლე, ამოქმედდეს „ცხელი ხაზი“ და მასთან დალაპარაკების საშუალება მომეცეს“, — განაცხადა ბასარიამ ტელეარხ „რუსთავი 2“–ის ეთერში.

ოთხშაბათს მას მთავრობის ადმინისტრაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები შეხვდნენ. მოგვიანებით პრემიერის პრესსამსახურმა მედიისთვის განცხადება გაავრცელა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე კარასინთან პატიმარ გიორგი გიუნაშვილის ბედს განიხილავს

„გიორგი ლუკავას გათავისუფლება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, თუმცა უარვყოფთ დაკავებულის მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მოქალაქე გიორგი ლუკავას გათავისუფლების ვადებთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება გააკეთა," — ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.  
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ლუკავას გათავისუფლების საკითხზე აქტიურად მუშაობენ. მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გაეროს წარმომადგენლობაც.

ბასარიას კი ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს ხელისუფლება მისი მეუღლის გათავისუფლებაზე მუშაობენ. მან საეჭვო უწოდა 2016 წელს მეუღლისგან მიღებულ წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ მან აფხაზეთის დატოვებაზე უარი განაცხადა. მას წერილი გადასცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა. მაშინ უწყებას პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელობდა.

ბასარიამ წერილი მას შემდეგ მიიღო, რაც ლუკავა იმ დაკავებულ სამხედროთა სიაში არ აღმოჩნდა, რომელთა გაცვლა ოფიციალურ თბილისსა და აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებას შორის მოხდა.

ბასარია პაატა ზაქარეიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს, რადგან მისი თქმით, წერილი მისი მეუღლის მიერ დაწერილი არ არის. ბასარიას ბრალდებებს ზაქარეიშვილმა აბსურდული უწოდა.

1992–1993 წლებში ლუკავა აფხაზეთის კონფლიქტის დროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა. ის გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში 2011 წლის 9 მაისს დააკავეს. მას ბრალად ედება კავშირი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან „ტყის ძმები“. მას პატიმრობის 20 წელი მიუსაჯეს.

ყველა ახალი ამბავი
0