თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, საქართველოს–რუსეთის საზღვრის მიმართულებით, გართულებულია ავტომობილების გადაადგილება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეზღუდვები დააწესა სხვა მიმართულებებითაც.
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა (ფარავანი)-ნინოწმინდის 110–146–ე კმ მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთთან საზღვრის მიმართულებით) საავტომობილო გზის 90-112–ემონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 35-72–ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 1-22–ე კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 71-188–ე კმ (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.