თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრის მსვლელობისას აშშ–ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი საქართველოში მოიწვია. ტილერსონი ამ წინადადებით დაინტერესდა, აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
შეხვედრა მიხეილ ჯანელიძის აშშ–ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ტილერსონი აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ტრამპის ინაუგურაციიდან მალევე, 1 თებერვალს გახდა.
„ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, პროცესებზე, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას. ძალიან პოზიტიურად შეფასდა ის პროცესები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს როლზე რეგიონში, იმ ეკონომიკურ პოტენციალზე, რომელიც არსებობს დღეს რეგიონში“, – განაცხადა ჯანელიძემ შეხვედრის შემდეგ.
საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირე არა მხოლოდ რეგიონში არამედ გლობალურად, დასძინა მან.
ჯანელიძემ სახელმწიფო მდივანთან განიხილა შემდგომი თანამშრომლობა „სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორული კავშირებისა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში.
„სახელმწიფო მდივანმა გამოთქვა მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში შეხვედრის ჩატარებაზე. თარიღსა და დროზე შევთანხმდებით“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მხარეები უკვე შეთანხმდნენ, რომ აშშ მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკურ განვითარებას. უცვლელი დარჩება ასევე აშშ–ის პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკლ ფლინთან და სენატორებთან – ბობ კორკერთან, ტედ კოკრანთან, მიტჩ მაკკონელთან და ბენ კარდისთან.
ჯანელიძის ორდღიანი ვიზიტი აშშ–ში 10 თებერვალს დასრულდა.