თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „სილიკონ ველი თბილისის“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სტუმრობისას.
„უაღრესად სასიხარულოა ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა, მონაწილეობა იმ პროცესში, როდესაც იწყება ძალიან მნიშვნელოვანი, შენი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე. როდესაც ვხედავთ, რომ ფუძნდება ახალი საგანმანათლებლო კერა. ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემას და ეს ადამიანები არიან ჩართული ამ ახალ წამოწყებაში. ბიზნესი და ტექნოლოგია არის ის მიმართულებები, რომელიც ძალიან ჭირდება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის განვითარებას”, —განაცხადა მარგველაშვილმა.
2017 წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე და მინდა ხაზგასმით მადლობა ვუთხრა იმ ჯგუფს, რომელმაც ასეთი კარგი პირველი ნაბიჯი გადადგა და ასეთი მნიშვნელობის მქონე უნივერსიტეტს იწყებს წლევანდელი წლიდან, აღნიშნა პრეზიდენტმა.
ღონისძიების ფარგლებში გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებელი სულიკო ქადაგიძე დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.