თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 11 თებერვალს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები აჟღერდება.
„მუსიკალურ ცენტრში უკვე ტრადიციად იქცა ქართული პროფესიული მუსიკის კონცერტების ჩატარება. ამგვარი საკონცერტო პროგრამების მიზანია დაინტერესებულ ქართველ მსმენელს შესთავაზოს როგორც დიდი ხნის წინ შექმნილი მივიწყებული ქართული კლასიკური მუსიკის ღირსეული ნიმუშები, ასევე ქართველ კომპოზიტორთა სულ ახალახან შექმნილი ნაწარმოებები“, — აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
კახიძის მუსიკალური ცენტრის სცენაზე სამი პრემიერა გაიმართება, ესენია: ვაჟა აზარაშვილის სიმფონია N3, ელიზბარ ლომდარიძის სიმფონია N3, ზურაბ ნადარეიშვილის ელეგია ორი ვიოლინოს, ალტის, ჩელოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
ვაჟა აზარაშვილმა თავისი მესამე სიმფონია, რომელიც ოთხი მონუმენტური ნაწილისგან შედგება, ექვსი წლის წინ დაწერა. ცენტრი ამ ნაწარმოების შესრულებით აზარაშვილს 80 წლის იუბილეს მიულოცავს.
ელიზბარ ლომდარიძის სიმფონია ერთნაწილიანია. ის კომპოზიტორმა 1999 წელს შექმნა. ზურაბ ნადარეიშვილის „ელეგია“ სანქტ-პეტერბურგის სიმებიანია კვარტეტისთვის ექვსი წლის შეიქმნა. საღამოზე მას ქართული სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ შეასრულებს.
კონცერტი 19:30 საათზე დაიწყება. მას დავით მუქერია უდირიჟორებს.