თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1–2 მარტს ბელარუსს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ამჟამად მომავალი ვიზიტის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
ბელარუსში მარგველაშვილის ვიზიტის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში, საქართველოს პრეზიდენტის ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმირ მაკეისთან შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, თუმცა მაშინ ვიზიტის თარიღი დაზუსტებული არ იყო.
ამ კვირაში ბელარუსის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს.
მხარეებმა ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრებზე გამოიკვეთა სტრატეგიული საკითხები, რომლებიც ორი ქვეყნის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ტურიზმი წარმოადგენს.
2016 წელს საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვამ 76,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მათ შორის საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა 18,3 მილიონი, ხოლო ბელარუსიდან იმპორტმა — 58 მილიონი აშშ დოლარი.