თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ბელარუსში საქართველოს კულტურა და ტრადიციები დიდი პოპულარობით სარგებლობს, განაცხადა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მაკეი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით სამშაბათს ეწვია. ის მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ბელარუსის საელჩოს გახსნის ცერემონიაში.
„იცით, ქართველი ხალხი და საქართველო ძალზე პოპულარულია ბელარუსში. თვენახევრის თუ ორი თვის წინ მინსკში ფესტივალი „თბილისობა“ გაიმართა. დღის განმავლობაში მას 20 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია, გაეცნო მდიდარ ქართულ ტრადიციებს, მრავალფეროვან და გემრიელ ქართულ სამზარეულოს. და, რაც მთავარია, გამოხმაურება საინფორმაციო საშუალებებში ძალიან კეთილგანწყობილი იყო“, — განაცხადა მაკეიმ.
ბოლო დროს საქართველოში ბელარუსელი ტურისტების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, აღნიშნა დიპლომატმა.
„ეს იმაზე მეტყველებს, რომ სწორ გზას ვდგავართ. მომავალშიც ვაპირებთ სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების განვითარებას ყველა სფეროსა და დარგში, არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ, არამედ ჰუმანიტარულ სფეროშიც“, — განაცხადა მაკეიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეების გამართვა იგეგმება.
მიხეილ ჯანელიძემ, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს.
„2016 წელი გამორჩეული იყო მაღალი დონის ღონისძიებებით საქართველოსა და ბელარუსს შორის… ჩვენს ქვეყნებს აკავშირებთ ძალიან აქტიური ხალხთაშორისი კონტაქტები, ასევე კულტურული ურთიერთობები, იზრდება ვიზიტორების, ტურისტების რაოდენობა, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას“, — განაცხადა ჯანელიძემ.
საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
საქართველოს საელჩო ბელარუსში მინსკის ცენტრში 2007 წელს გაიხსნა.