თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ტალინში მიმდინარე ფედერაციის თასის გათამაშების პირველ ევრო-აფრიკულ ზონაში მარცხით დაიწყო გამოსვლა საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა, რომელმაც A ჯგუფის პირველ შეხვედრაში ავსტრიის გუნდთან 1:2 წააგო, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
პირველები კორტზე გავიდნენ ეკატერინე გორგოძე და იულია გრაბერი. ქართველმა შეხვედრა ორ სეტში მოიგო (7:5, 6:3) და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა ანგარიშით 1:0.
თუმცა სოფო შაფათავამ ეკატერინე გორგოძეს მხარი ვერ აუბა და ბარბარა ჰაასთან წააგო ანგარიშით 4:6, 1:6, შედეგად, საერთო ანგარიში გათანაბრდა (1:1).
მატჩის ბედი წყვილების შეხვედრამ გადაწყვიტა, სადაც ოქსანა კალაშნიკოვა/სოფო შაფათავას დუეტს გრაბერი/ჰაასის დუეტი დაუპირისპირდა. ავსტრიელები უფრო ძლიერი აღმოჩნდნენ და ორივე პარტია მოიგეს (6:3, 7:5).
ქართველი ჩოგბურთელი ქალები პარასკევს პოლონელ მეტოქეებს ხვდებიან, რომლებმაც მანამდე ავსტრიელებს ანგარიშით 2:1 მოუგეს. იმისათვის, რომ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავონ, ქართველმა გოგონებმა პოლონეთს უნდა მოუგონ ანგარიშით 3:0.
ფედერაციის თასის შემდეგ რაუნდში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები კი მომავალ წელს პირველ ევრო-აფრიკულ ზონაში დარჩენისთვის იბრძოლებენ.