თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შონ სპეისერით იმედგაცრუებულია, რომელიც ამჟამად ერთდროულად პრეს-მდივნისა და თეთრი სახლის აპარატში კომუნიკაციების მიმართულებით დირექტორის თანამდებობას იკავებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ CNN-ზე დაყრდნობით.
აშშ-ის პრეზიდენტის პრეს-მდივნისა და კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობებს, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ადამიანები იკავებენ. ამჟამად ტრამპი კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობაზე ახალ ადამიანს ეძებს.
„დონალდ ტრამპი (ახალი) ადმინისტრაციის მუშაობის პირველ ორ კვირაში სპაისერით იმედგაცრუებულია“, — იუწყება CNN ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
სპაისერი დიდი ხანია აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიაში მუშაობს. ის პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ამჟამად თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის რინს პრიბასის ახლო თანამებრძოლია.
„(პერსონალის) აყვანის პროცესთან დაახლოებული წყაროების მონაცემებით, ტრამპი უკმაყოფილოა პრიბასით, რომელმაც ადმინისტრაციაში პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გამოსაჩენ თანამდებობაზე სპაისერი აირჩია“, — იუწყება CNN.
ტრამპი ცნობილია თავისი რთული ურთიერთობებით ამერიკულ მასმედიასთან, რომელთა უმრავლესობას ის არაობიექტურობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს. მაგალითად, ტელეარხ CNN-ს ის „ყალბ ახალ ამბებს“ უწოდებს.
ამასთან, თეთრმა სახლმა CNN-ის პროგრამებზე საკუთარი წარმომადგენლების გაგზავნაზე უარი განაცხადა.
უფრო ადრე სპაისერმა განაცხადა, რომ ტელეარხის რეპორტიორების კითხვებს პასუხობს ყოველდღიურ ბრიფინგებზე, მაგრამ არ აპირებს იმ ადამიანებთან ჯდომასა და ურთიერთობას, რომელთაც არანაირი სურვილი არა აქვთ, რაიმე სწორად გაიგონ.