თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სამთავრობო პროგრამაში „სტარტაპ საქართველო“ მონაწილეობის მსურველთათვის ტექნოპარკში 13 თებერვალს ღია კარის დღე გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
„სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 60-მა ახალგაზრდამ საკუთარი ბიზნეს-იდეის რეალიზებისთვის მსხვილი გრანტი მიიღო.
ღონისძიება იმ ადამიანებისთვის არის ორგანიზებული, რომლებსაც ინოვაციური ბიზნეს-იდეები გააჩნიათ. პროგრამის კოორდინატორები კონკურსში მონაწილეობის პირობებზე ისაუბრებენ და დასმულ კითხვებზე უპასუხებენ. ღია კარის დღეში მონაწილეობას „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები მიიღებენ და ღონისძიების სტუმრებს მოუთხრობენ, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ გრანტი მოიპოვონ.
რადგან ტექნოპარკი თბილისის გარეუბანში მდებარეობს, ქალაქის მერიამ სპეციალური ავტობუსები გამოყო, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან ტექნოპარკში იმოძრავებენ.
„სტარტაპ საქართველო“ პროექტში მონაწილეობაზე განაცხადებს მუდმივად იღებს. ახალი პროგრამის კოორდინატორები არიან საქართველოს საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. პროგრამის ამოქმედების შემდეგ მასში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვნენ.