თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საფრანგეთში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა ფრანგ კოლეგასთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთში ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხის კენჭისყრის შემდეგ გაემგზავრა. კენჭისყრამდე საფრანგეთი სახელდებოდა სამიდან ერთ-ერთ ქვეყნად, რომელიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა.
სწორედ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაცია და ევროპარლამენტში კენჭისყრა გახდა ფრანგ კოლეგასთან ჟან-მარკ ეროსთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საუბრის მთავარი თემა.
ერომ ჯანელიძეს ევროპარლამენტში გამართული კენჭისყრის დადებითი შედეგი მიულოცა და უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესის ახლო მომავალში დასრულების იმედი გამოთქვა.
მხარეები ეკონომიკის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ის ევროპული და ფრანგული ბიზნესის რეგიონალური პლატფორმა იქცეს.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირების განხილვის ერთ-ერთი თემა ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის შესაძლებლობები იყო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანელიძემ ერო საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეზე მოიწვია.
მინისტრმა ღონისძიებაზე ასევე მოიწვია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ელისაბედ გიგუ, რომელთანაც საქართველოში შექმნილი ვითარებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილა. გარდა ამისა, ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა ასამბლეის წარმომადგენელთა წინაშე.
გარდა ამისა, მიხეილ ჯანელიძემ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან არლემ დეზირთან.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის ზრდა და ამ თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო მიმართულებები.
შეხვედრაზე ჯანელიძემ დეზირს საქართველოს მთავრობის სამომავლო გეგმები, მათ შორის, ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს-გარემოს განვითარების ხედვები გააცნო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით დასრულდა, რომელზეც ჯანელიძემ საფრანგეთში მცხოვრები ქართველების პრობლემები მოისმინა და მათ ის პროექტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც საგარეო უწყება საზღვრებს გარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის აპირებს.