თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საფრანგეთს 6-8 თებერვალს, ნათქვამია უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ფრანგ კოლეგას, საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრს ჟან მარკ ეროსს და ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს არლემ დეზირს.
გარდა ამისა, ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრ სენატორებთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ პარლამენტარებთან. დაგეგმილია დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების და ანალიტიკური ფონდების წარმომადგენლებთანაც.
„პარიზში ყოფნის დრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლევილის ქართულ მამულს მოინახულებს და ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაოს გვირგვინით შეამკობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი გამართავს შეხვედრას სტუდენტებთან და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთანაც“, — წერს სამინისტროს პრესსამსახური.
აღსანიშნავია საქართველო-საფრანგეთის წარმატებული ურთიერთობები პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, ასევე ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში და საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.