თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც გამოავლენს მოსახლეობის აზრს იმის შესახებ, უნდა ისჯებოდეს თუ არა საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება.
პარტია "გირჩი" მარიხუანის მოხმარებისა და მისი მოყვანის სრულ ლეგალიზაციას მოითხოვს. ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით პარტიის ლიდერებმა ახალი წლის ღამეს ოფისში დაუმორჩილებლობის აქტი მოაწყვეს და მარიხუანა დათესეს, რითიც სისხლის სამართლის კოდექსი შეგნებულად დაარღვიეს. მიუხედავად იმისა, რომ შსს–მ საქმე აღძრა, დაკავებული არავინ არის, პარტიის ოფისიდან სპეციალური წესით შეფუთული 84 ძირი კანაფის ქოთანი გაიტანეს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ და ეს არის ჩვენი ახალი ინიციატივა, რომ ამ წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, არჩევნებთან ერთად ჩავატაროთ რეფერენდუმი და საქართველოს მოსახლეობამ გასცეს კითხვას პასუხი, უნდა ისჯებოდეს თუ არა ამ ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარება“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტიის წარმომადგენლები შესაბამისი განცხადებით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მიმართვას აპირებენ, სადაც ისინი შეეცდებიან ამ საკითხის დარეგისტრირებას – როგორც რეფერენდუმის კითხვის.
„როგორც კი ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ საკითხს დაარეგისტრირებს, ხელმოწერების შეგროვებას დავიწყებთ და 200000 ხელმოწერას შევაგროვებთ“, — განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოში მარიხუანის მოხმარება ადმინისტრაციულ სასჯელს წარმოადგენს, თუ კანონდამრღვევს პირველად დააკავებენ, და სისხლის სამართლის კანონდარღვევას, თუ ფაქტი განმეორებით დაფიქსირდება.
დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 4800 გამოკითხულიდან მარიხუანა ერთხელ მაინც გასინჯული აქვს 15,9%-ს.
საქართველოში მამაკაცებს შორის მარიხუანას მოხმარების ასაკი 19-22 წელია, ქალებს შორის კი — 20-22. მარიხუანის მომხმარებელ მამაკაცებს შორის მინიმალური ასაკია 12 წელი, ქალებს შორის — 17.