დენდროლოგიურ პარკში 60 ჰექტარზე 50-მდე უნიკალური ჯიშის ხის გადარგვა იგეგმება. აქედან ორი ჰექტარი გიგანტური ხეებისთვის არის გამოყოფილი. ივანიშვილის გეგმით, პარკი საზოგადოებრივი გახდება.
ციხისძირიდან ხეების უსაფრთხო მიგრაციით კომპანია „ზინო“ არის დაკავებული, მან მრავალტონიანი ხეები მიწიდან უნდა ამოთხაროს და ფესვების დაუზიანებლად გადაიტანოს. ხეებს ჯერ თხრიან, შემდეგ სანაპირომდე მათი ტრანსპორტირება ხდება, იქ ბორანზე ათავსებენ და ურეკში გადააქვთ, სადაც მათი გადარგვა ხდება.
პირველებმა ზღვაზე ორსაუკუნოვანმა ლირიოდენდრონმა და კვიპაროსმა გაისეირნეს. ახლა კი სამოგზაუროდ კიდევ ერთ 100–წლიან მაგნოლიას ამზადებენ.
მოგზაურობის თავისებურებანი
მორიგი ასწლიანი მაგნოლიის გადასატანად კომპანია „ზინომ“ მოსახლეობის ნაწილი უშუქოდ დატოვა, როდესაც ტრანსპორტირების გზაზე ელექტროგადამცემი ხაზები ჩახსნა, გადაკეტა რკინიგზა და მაგნოლიის მსვლელობის გზაზე სხვა ხეების ტოტები გადაბელა.
ამ მოქმედებებმა ბუნების დამცველთა და ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. ბუნების დამცველები კომპანიას ველური ბუნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებსა და ხეების უკანონო გაჩეხვას აბრალებენ, ოპოზიცია კი მილიარდერის თვითნებობით არის უკმაყოფილო.
„მოგზაურმა ხეებმა“ არც ადგილობრივები აღაფრთოვანა. იმის გამო, რომ ხე „მიემგზავრებოდა“, რამდენიმე დღის წინ მათ ქობულეთი–ბათუმის გზაზე მრავალსაათიან საცობში დგომა მოუწიათ.
მოძრაობის გადაკეტვის გამო განსაკუთრებული უკმაყოფილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გამოხატეს.
მათსა და კომპანია „ზინოსა“ და პოლიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პარტიის ორი აქტივისტი დააკავეს. მათი სასამართლო 13 თებერვალს ჩატარდება.
მაგნოლია კი მალე დროებით სანაპიროზე დაიდებს ბინას, ხელსაყრელი ამინდის პირობებში კი ბორნით ახალი დენდრარიუმისკენ აიღებს გეზს.