აქ რაიმე ერთი უნივერსალური ტრადიცია ალბათ ვერ იარსებებს. ზოგს რა აყენებს კარგ ხასიათზე, ზოგს რა… გააჩნია, სქესს, ასაკს, სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობას, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ყველა ამ ჩამოთვლილ კატეგორიაზე ერთნაირად დადებითად მოქმედებს — ეს ფინანსური ფაქტორია, რაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი განწყობის ერთგვარი ბარომეტრიცაა!
გუნება-განწყობაზე ხშირად ამინდიც, ანუ კლიმატური ცვლილებებიც მოქმედებს. თუკი მზე ანათებს — ჩვენც სახე გვიღიმის და პირიქით, თუკი უკვე მესამე დღეა წვიმს, სახე ჩამოგვტირის.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენს ემოციონალურ განწყობაზე შესაძლოა, ისეთმა ფაქტორმაც იმოქმედოს გავლენა, როგორიცაა, საკუთარი ხმა…წარმოიდგინეთ, უფრო სწორედ გაიხსენეთ, საკუთარი ხმა ნაბახუსევს როგორ განწყობაზე გაყენებთ… გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ჩვენ ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ საკუთარი ხმის ჟღერადობას და ზოგჯერ როცა ის ჩაგვესმის, ეს გვეხმარება იმის უკეთ აღქმაში, თუ რას ვგრძნობთ იმ მომენტში.
ჩვენს განწყობაზე არქიტექტურაც კი მოქმედებს, გარემო, სადაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება- ამ მხრივ ბევრის მთქმელია. ელემენტარულ მაგალითს მოგახსენებთ: წარმოიდგინეთ, ტიპიური თბილისური ეზო, სადაც მეზობლები ერთმანეთს კარგად იცნობენ, ისინი გახსნილი არიან ურთიერთობისთვის და გარემო მათ ხასიათსა და რა თქმა უნდა განწყობაზეც მოქმედებს.
ყველასთვისაა ცნობილი დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორია“. მეცნიერი ცდილობდა შეესწავლა ქცევის მიზანშეწონილობის საკითხი. ყოველგვარი ქცევა ფსიქიკით იმართება და მიზანშეწონილად მიმდინარეობს, ანუ ცოცხალი არსება გარემოში თავისი “მიზნების” შესაბამისი აქტივობის განხორციელებას ახერხებს. უნდა არსებობდეს ფსიქიკური მექანიზმი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. გარკვეული ძიების შემდეგ ჯერ თეორიულად, ხოლო შემდეგ ემპირიულად, უზნაძემ მიაგნო ასეთ მექანიზმს და მას განწყობა უწოდა.
წარმოიდგინეთ ახლა, თუკი შესაბამისად განვაწყობთ საკუთარ თავს- რამდენი რამის შეცვლა შეგვიძლია?!.. თუკი არ შეგვიყვარდება- დამოკიდებულება მაინც შეგვეცვლება ამა თუ იმ საკითხის, თუ ადამიანის მიმართ. ამის შემდეგ ჩვენი ცხოვრების დღეების გაფერადებაც არ გაგვიჭირდება. საბავშვო სახატავი რვეულის „აბა, გამაფერადეს“ მსგავსად, სადაც მხოლოდ კონტურებია და ჩვენს ხელშია რა ფერებს ავირჩევთ საიმისოდ, რომ ნახატი მხიარული და ფერადი გამოვიდეს.
ამიტომ როცა კალენადარიც ამის შანსს გვაძლევს, ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ, საკუთარი თავი განვაწყოთ და მაშინ ვინ იცის, იქნებ, ირგვლივ ყველაფერი ლამაზ ფერებში მოგვეჩვენოს: სიდედრს უკეთილესი ღიმილი ექნება, ბანკის კრედიტ ოფიცერს — სათნო გამომეტყველება, სასამართლოს აღმასრულებელს — პატიოსანი მუშაკის მზერა, გაქნილი მევახშე —მონანიე მაგდალინელის პოზაში მოგვევლინება… მოკლედ მოდი, დილიდანვე ერთი ფრაზა გავიმეოროთ: ჩემთან ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი „გაფერადებულია“, კარგ განწყობაზე ვარ და… ახია ჩემზე!